2013 წლის ევროვიზიის ქართველი წარმომადგენლებისთვის ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანისთვის სიმღერას შვედი კომპოზიტორი ტომას ჯეი სონი დაწერს, ხოლო კოსტიუმებსა და იმიჯზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილი იზრუნებს.
ავთანდილი ევროვიზიის მონაწილე ქართველი კონკურსანტებისთვის სასცენო კოსტიუმებს პირველად შექმნის.
კომპოზიტორი ტომას ჯეი სონი 1998 წლიდან მუშაობს კომპოზიტორად სტუდიაში, რომელიც მის სახელს ატარებს . ჯეი სონმა დაწერა 65-ზე მეტი სიმღერა ევროვიზიის 9 მონაწილე ქვეყნისთვის. მის სახელთან არის დაკავშირებული ევროვიზიის ყველაზე გამორჩეული ჰიტები, მათ შორის ლორენის "Euphoria", რომელმაც 2012 წელს ბაქოში გამართულ ევროფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს თავისი უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენლები შიდაშესარჩევი კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.
რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14,16 და 18 მაისს უმასპინძლებს. კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.