ჯონ ბრენანისა და ჩაკ ჰეიგელის ორ საკვანძო ძალოვან თანამდებობაზე წარდგენით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყველას დაანახა, რომ ის კონგრესთან კონფრონტაციის მორიგი რაუნდისათვის მზადაა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
კონფლიქტი თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის სახელმწიფო ვალისა და მთავრობის დანახარჯებზე ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის და ამ დროს ომამამ ყველას დაანახა, რომ არ აპირებს უკან დაიხიოს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემაზე არსებული თავისი აზრისაგან.
ახლა კაბინეტის ორი წევრის ვინაობის დასახელებით, რომელთა კანდიდატურები ჯერ კიდევ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, ობამამ გააკეთა მინიშნება იამზე, რომ თეთრი სახლი მზად არის რამდენიმე დაძაბული მოსმენისათვის. ობამას მიერ წარდგენილი პირველი კანდიდატურა - ჯონ ბრენანი, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში თითქმის 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვვანელად მის შესაძლო დანიშვნაზე ხმები ჯერ კიდევ 2008 წლის შემდეგ დადიოდა, მაგრამ მაშინ მან თავად ითხოვა მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე არ განხილულიყო.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექს-მეთაურმა დევიდ პეტრეუსმა თავისი თანამდებობა ნოემბერში დატოვა. ამის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც მის ქორწინების მიღმა კავშირებს ეხებოდა. მან საჯაროდ აღიარა, რომ მეუღლეს უღალატა, თუმცა უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ თავის საყვარელს რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა.
ყოფილი სენატორ-რესპუბლიკელი ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზეა წარდგენილი.
სენატორ ჯონ კერისთან ერთად, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ობამა ჰილარი კლინტონის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას აპირებს, ჰეიგელი და ბრენანი მეორე საპრეზიდენტო ვადაში ნაციონალური უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაზე იმუშავებენ.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, ჯონ ბრენანი პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს.