მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, ხადას ხეობასა და უკანა ფშავში 18 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ხადას ხეობაში თოვლის საფარი 1 მეტრს, უკანა ფშავში კი 80 სანტიმეტრს აღწევს. სოფლებამდე მისვლას მაღალი გამავლობის მანქანებიც ვერ ახერხებენ.
როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გადაუღებელი თოვის გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.
ხადას ხეობაში ამ დროისთვის ხეობაში სულ 6 ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღეა მილის დაზიანების გამო ხადას ხეობას ბუნებრივი აირიც აღარ მიეწოდება, რის გამოც მოსახლეობას გათბობის პრობლემა აქვს.
„ძალიან დიდი თოვლია ხადას ხეობაში, დაახლოებით 1 მეტრი. ორი დღის წინ გავწმინდეთ გზა, მაგრამ ისევ იმხელა თოვლია. გადაუღებლად თოვს. ტრაქტორი გვაქვს და ხვალ ალბათ ისევ გავწმენდთ გზას," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვანო ებრიალიძემ.
„80 სანტიმეტრიანი თოვლია, უკანა ფშავის ყველა სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამი დღეა თოვს, თუ გადაიღებს ხვალ გზას გავწმენდთ," - აღნიშნა უკანა ფშავის რწმუნებულმა ნუგზარ გუშარაშვილმა.
უკანა ფშავის 12 სოფელში ამ დროისთვის 10-მდე ოჯახი ცხოვრობს.