ხუთ ინდოელ პოლიციელს უმოქმედობისთვის გაასამართლებენ. საქმე ეხება ფაბრიკის 21 წლის მუშის ჯგუფურ გაუპატიურებას და მკვლელობას დელის გარეუბანში, რომელიც ორი დღის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს. მსხვერპლის მშობლები აცხადებენ, რომ გოგონას დაკარგვის შესახებ მათ 4 იანვარს, საღამოს განაცხადეს, როდესაც ის სამსახურიდან არ დაბრუნდა, თუმცა, პოლიციამ არანაირი ზომები არ მიიღო, იმ მოტივით, რომ „ქალი სადღაც სასეირნოდ წავიდოდა". პოლიციას არ უმოქმედია მთელი 7 საათის განმავლობაში.
გუშინ საღამოს კი ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, მესამე ძებნაში იმყოფება. ინდური მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილ გოგონაზე ძალადობას წარსულშიც ახორციელებდა და როგორც მშობლები აცხადებენ, მათ სახლში შეჭრასაც კი შეეცადა. დანაშაული მეორე მონაწილის ინიციატივით მოხდა, რომელიც გოგონას ცოლად წაყვანას ჰპირდებოდა, თუმცა, ქალმა გაიგო, რომ ის უკვე ცოლიანი იყო და პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, ამიტომ მოძალადემ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
ინციდენტმა, დელის იმ უბანში, სადაც მკვლელობა მოხდა, მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. უფრო ადრე, ასეთივე დემონსტრაციები მას შემდეგ ჩატარდა, რაც ავტობუსში 23 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს. ეს დანაშაული 28 დეკემბერს მოხდა. მაშინ ექვსი დამნაშავე იქნა დაპატიმრებული.