სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო ჯარების სამმართველოს უფროსი იური ზვირიკი აცხადებს, რომ რუსი მესაზღრეების მდინარე ენგურზე მდებარე საზღვარზე ჩადგომის შემდეგ ე. წ. საქართველოსა და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი საიმედოდაა დაცული.
"ჩვენი დანაყოფების ჩადგომის შემდეგ სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. აქამდე იქ მდგარ მცირერიცხოვან აფხაზურ დანაყოფებს არ ჰქონდათ საშულება, სახელმწიფო საზღვრის მთელი მონაკვეთი ჯეროვნად დაეცვათ. დღეს კი უკვე საიმედოდ გვაქვს დაცული მთელი სახელმწიფო საზღვარი _ სამდინარო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით. სახელმწიფო საზღვრის დაცვა მთლიანად ჩვენს მხრებზეა უკვე", _ აცხადებს ზვირიკი.
მისი თქმით, აფხაზეთ-საქართველოს ე. წ. სახელმწიფო საზღვარზე ჩადგომის დროიდან რუსმა მესაზღვრეებმა უკვე 10 იარაღის სამალავი გახსნეს, სადაც აღმოჩენილ იქნა 300 კილოგრამ ტროტილზე მეტი, დაახლოებით 300 ნაღმი, სამი ავტომატი, პისტოლეტები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. ამას გარდა, ე. წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულია 67 ადამიანი ორივე მხრიდან.
"უმეტეს ადგილზე უკაცრიელ ადგილებში ვდგავართ და ამიტომაც კარვებში ვცხოვრობთ. თუმცა ამ რთულ პერიოდს 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისისთვის გადავლახავთ", _ აცხადებს ზვირიკი.
მისი თქმით, 2010 წლისთვის იგეგმება ძირითადი საინჟინრო ნაგებობისთვის ზღუდეების აგება და სამხედრო ქალაქების მშენებლობა, რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახებისთვის.
"ამისათვის ყველა საჭირო სახსარი არსებობს და პორველი ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დაიწყება. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანაა, სამშენებლო სამუშაო 2011 წლისთვის დავასრულოთ.