აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გუშინ ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში მიმდინარე მანდარინის მიღება-ჩაბარების პროცესს დაესწრო. ადგილობრივ მეციტრუსეებს ჩაბარებული ნაყოფის ღირებულების ნაწილს სახელმწიფო უხდის. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 26 დეკემბრიდან რეალიზატორის მიერ გადახდილ საფასურთან ერთად მეციტრუსეს, ყოველ ჩაბარებულ 1 კგ-ზე საბაზრო ღირებულებიდან არასტანდარტულ მანდარინში 8 თეთრს, ხოლო სტანდარტულში- 15 თეთრს სახელმწიფო გადაუხდის. ამჟამად ციტრუსის ფასი სტანდარტულ მანდარინზე 50-ს, ხოლო არასტანდარტულზე -20 თეთრს შეადგენს. დღეის მონაცემებით აჭარაში არასტანდარტული მანდარინის მიღების პრობლემა უკვე აღარ არსებობს. საწარმოში ქობულეთელი ფერმერების ციტრუსის მიღება დასრულებულია და ამჟამად ციტრუსს აჭარის სხვა რაიონებიდან და გურიიდან ელოდებიან.
არჩილ ხაბაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საწარმოსთან რიგში მდგარ მეციტრუსეებს შეხვდა და რეალიზაციის პრობლემების შესახებ პირადად მათგან მოისმინა.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდება. ცხელი ხაზი, ნომერზე 24- 78 -53 , იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 18 საათამდე. ოპერატორები ფერმერებს ციტრუსის მიღება-ჩაბარების საკითხებში კონსულტაციებს გაუწევენ.