,,2012 წელს, ფაქტობრივად, პირველად ჩატარდა არჩევნები, სადაც ხელისუფლების ცვლილება მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად მოხდა და ავირჩიეთ პარლამენტი, რომელიც ქმედითუნარიანი გახდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის პრეს-სპიკერმა მანანა კობახიძემ 2012 წლის შეფასების კომენტირებისას.
,,პარლამენტი, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა შეძლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი კანონების მიღება. Gგამოვყოფდი ამნისტიის კანონს და ამ ტიპის ფართომასშტაბიანი ამნისტია ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს იყო ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება, რომ აღვადგენდით სამართლიანობას, რაც ნიშნავდა იმას, რომ პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები პირების ამნისტია უნდა მომხდარიყო. პარლამენტმა დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი და ბიუჯეტიდან სერიოზული თანხებია სოციალური სფეროს დაფინანსებისთვის, ჯანდაცვისთვის ხარჯები ორჯერ გაიზარდა და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ჩვენს მოქალაქეებს, რაც აქამდე არ ყოფილა", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
,,სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით, 700 მილიონამდე. შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიონიანი ფონდი, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შევპირდით და გაზაფხულიდან დაიწყება უფასო ხვნა- თესვა და ყველაფერი ის რაც ჩვენს მოსახლეობას დავპირდით სოფლის განვითარების მიმართულებით", _ განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუნდს ცოტა დრო ჰქონდა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ბიუჯეტის კორექტირებისთვის.
კობახიძის განაცხადებით, 2012 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ისიც, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
,,მგონია, პირველად საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში საკანონმდებლო ორგანომ აჩვენა, რომ არის დამოუკიდებელი სახელისუფლო ორგანო და არ ემორჩილება პრეზიდენტის დიქტატს, ისე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა და Pპარლამენტი ხალხის ნების გამომხატველი იქნება", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც პოზიტიური ფაქტია. როგორც კობახიძემ განაცხადა დაწყებულია მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.
კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში 2012 წელი დაძაბული იყო.
,,არჩევნებამდე გვიწევდა წინასაარჩევნო ბრძოლა არასამართლიან პირობებში, მომხრეების დევნის პირობებში, დაპატიმრებების, ქვის სროლის, შანტაჟის, მუქარის ფონზე, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო", -განაცხადა მანანა კობახიძემ და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,მინდა თქვენი სააგენტოს საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩვენს მომხრესა და არამომხრეებს ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო და მშვიდობა ქვეყანაში", -განაცხადა კობახიძემ.