ახალი მთავრობა აჭარაში დამატებით რამდენიმე ტურისტული ზონის მოწყობას გეგმავს. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დაგეგმილია აჭარაში რამდენიმე ტურისტული ზონის შექმნა, რადგანაც აჭარას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ხელისუფლება შეეცდება ამ პოტენციალის გამოყენებას. როგორც კივირიკაშვილი განმარტავს, ქობულეთის ტურისტულმა ზონამ არ გაამართლა, თუმც ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების ბრალი იყო. „ბიზნესი ზონაში შემოსვლისგან თავს იკავებდა, რადგანაც არ ქონდა გარანტია, რომ მთავრობისგან მინიჭებული შეღავათების სანაცვლოდ, ხელისუფლება შემდგომ მათ სხვა პროექტში მონაწილეობასაც აღარ მოთხოვდა"- განმარტავს მინისტრი.
როგორც კვირიკაშილი ამბობს, ახალ ტურისტული ზონებში შემოსვლის ინტერესი ინვესტორებს აუცილებლად გაუჩნდებათ.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ქობულეთში, გარკვეული ტერიტორია ტურისტულ ზონად გამოცხადდა, სადაც შესული ინვესტორი 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებდა. პროექტის თანახმად, ზონაში 18 სასტუმრო უნდა აშენებულიყო, თუმცა რეალურად 4-მდე სასტუმრო აშენდა.