გერმანიაში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმება გამარტივდა. თუ ამ დრომდე გერმანიაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებს ლეგალიზაცია სჭირდებოდა, ამჯერად დოკუმენტები მხოლოდ აპოსტილით დამოწმდება.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ახალი სერვისით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
შესაბამის სიახლესთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
ამ დრომდე, მოქალაქეს დოკუმენტების ლეგალიზაციისთვის სამი უწყებაში - სამოქალაქო რეესტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოში უწევდა მისვლა. ამჯერად სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და გერმანიაში წარსადგენი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას უზრუნველყოფს.
ერთ გვერდამდე დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება მეათე დღეს 20 ლარი ეღირება, მეხუთე დღეს - 40 ლარი, მეორე დღეს - 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი.
უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას 2009 წლის 15 ივლისიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს.
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცედურის დახვეწა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური ახალი დამცავი მექანიზმი - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებგვერდზე უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეუძლიათ აპოსტილის უნიკალური ნომრის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა.
ცნობისთვის, ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობის დამოწმებას.