თელავში, 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სასტუმრო „ინტურისტის" შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, მე-6 სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული თელავის სამედიცინო ცენტრიდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ალექსანდრე ხუმარაშვილმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„დაშავებული საავადმყოფოში ტრავმული შოკით და პოლიტრავმებით შემოიყვანეს. იგი ახმეტის რაიონიდან არის. პაციენტს დაზიანებული ჰქონდა კისერი, ხერხემალი, ელენთა და ფილტვები. მოტეხილი ჰქონდა ასევე მარცხენა მხრის ძვალი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩვენს საავადმყოფოში ჩაუტარდა და ელენთა ამოიკვეთა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამიტომ კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა", - აღნიშნა ალექსანდრე ხუმარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები