ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული.
არ მესმის, საერთოდ რატომ ვდგავარ აქ, მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდებებით, - - ამის შესახებ განათლებისა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაეხმარა მეგობარს ფირმის დაფუძნებაში. "თუ ეს დანაშაულია, შეგიძლიათ აქედან საერთოდ არ გამიშვათ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტები ბევრია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოძიების მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა.
"თქვენი მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. ვერ გახვალთ ამ კვალზე, რადგან ასეთი კვალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ფაქტების მოგონებას და თქვენი პოლიტიკური მიზნების შესრულებას. დიახ, დღეს პროკურატურა არის პოლიტიკური მიზნების შემსრულებელი. ჩემი მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროს საკუთარი თავისთვის პრემიაც კი არ გამომიწერია, რადგან ამასთან დაკავშირებით მაქვს ეთიკური პრობლემა. ვფიქრობ, რომ ვაწყდებით აბსოლუტურად მოუმზადებელ და მოტივირებულ პოლიტიკურ ბრალს. კონტრაქტების წერა, ფირმის დაარსებაში როგორც იურისტის მონაწილეობა და ამ ფორმით მეგობრის დახმარება, არის დანაშაული?", - აღნიშნა გვარამიამ.