ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების" აქტივისტები საპროტესტო აქცია მართავენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის უფროსმა ნუგზარ კაპანაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნაა გამგებლის თანამდებობაზე კოტე კაპანაძე დაინიშნოს.
"ხალხის მოთხოვნით გამგებლის თანამდებობაზე კოტე კაპანაძე უნდა დაინიშნოს, მაგრამ კომისიას კარლო ჯამბურიას კანდიდატურა ჰყავს შერჩეული. ჩვენ, ჩვენი კანდიდატი წარვადგინეთ, მაგრამ სხვა ძალები ერევიან და ლობირებენ, მათ კარლო ჯამბურიას დანიშვნა უნდათ ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობაზე, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ, რადგან კაპანაძე ხალხის მიერ არის შერჩეული", - აღნიშნა ნუგზარ კაპანაძემ.
ლაგოდეხის საკრებულოსთან „ქართული ოცნების" აქტივისტებმა იგივე მოთხოვნით აქცია 2 დღის წინაც გამართეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე რეგისტრირებული 126 განმცხადებლიდან კომისიამ პირველ ეტაპზე 7 კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ალექსანდრე ტალახაძე, ვალერი ალიბეგაშვილი, კოტე კაპანაძე, გიორგი ბიჭიაშვილი, კარლო ჯამბურია, გიორგი ღამბაშიძე და თამაზ ღონღაძე. აქედან კომისიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ვინ შეარჩია კომისიამ, ჯერ უცნობია. (გამოყენებულია ტელეკომპანია „გურჯაანის" ვიდეომასალა).