დღეს, 12 თებერვალს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართება.
ღონისძიებამდე 24 საათით ადრე ე.წ. ინაუგურაციის ჩატარების ტერიტორიის მთელს პერიმეტრი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებულ დაცვაზე აიყვანა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციას სხვადასხვა რანგის 120 სტუმარიც დაესწრება.
"მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მეთაურები, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთის დელეგაციები. ასევე ფართო შემადგენლობით ჩამოვლენ დელეგაციები რუსეთის ფედერაციის საბჭოდან და რუსეთის დუმიდან", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციაზე დასასწრებას სოხუმში რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორიც გეგმავს.
ცერემონიალს ასევე დაესწრებიან თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, რუსეთში ნიკარაგუასა და ვენესუელის ელჩები.
ე. წ. ინაუგურაციის შემდეგ, აფხაზეთის ე. წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარე დაინიშნება. აღნიშნული ცვლილება იმითაა განპირობებული, რომ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ამჟამად ე. წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე. წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარე, სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინიტრი სერგეი შამბა გახდება.
შამბას ადგილს კი ამჟამად მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია დაიკავებს.