"საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილის ქაოსისა და ძალადობის მთავრობა", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთასიში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
"ივანიშვილის პროგრამა, "ქართული ოცნების" ხედვა არის, რომ მთლიანად გაანადგუროს ოპოზიცია, მთლიანად მოშალოს საქართველოში ოპოზიციური და კრიტიკული მოსაზრება და ქვეყანაში ძალადობამ და დესტაბილიზაციამ დაისადგუროს", _ განცხადა მინაშვილმა.
მისი განცხადებით, პოლიცია პოლიტიზებული გახდა და რომ არა სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ჩარევა, ქუთაისში პროცესები მძიმედ დამთავრდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში ხმაურით დასრულდა პრეზიდენტის შეხვედრა ქუთაისის საკრებულოს წევრებთან. შეხვედრიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს და უმცირესობის წევრებს აქციის მონაწილეები დახვდნენ, რომლებიც დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ესკორტმა შეხვედრის ადგილი დატოვა, აქციის მონაწილეებმა იერიში აკაკი მინაშვილზე მიიტანეს. მერიის წინ მომიტინგეთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იყო შეკრებილი.
ამას გარდა, ინციდენტი მოხდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან, სადაც სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებოდა. აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის ესკორტს ქვები დაუშინეს.