ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის განახლებული ძეგლი 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიხსნება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა აცნობეს, ადგილობრივები სტალინის ძეგლთან 12:00 საათზე შეიკრიბებიან, ძეგლს ყვავილებით შეამკობენ და სტალინის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
სტალინის განახლებულ ძეგლთან ერთად გაიხსნება ომში დაღუპულთა მემორიალიც. ჯერ უცნობია ძეგლის და მემორიალის გახსნას დაესწრებიან თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ზემო ალვნიდან 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, ფარულად აღებული ძეგლი, თუშებმა, სოფლის ცენტრში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ნოემბერს დააბრუნეს. ძეგლი დაზიანებული იყო. ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა ძეგლი და მემორიალი სოფელში შეგროვებული თანხით აღადგინეს.