ჯონდი ბაღათურია საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ეს საკითხი ბაღათურიამ დღეს პარლამენტრში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა და კომიტეტს შესთავაზა, რომ ორი დღის განმავლობაში გაიმართოს კონსულტაციები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
ბაღათურიას განცხადებით, თავის დროზე საარჩევნო კოდექსში ცვლილება ნაჩქარევად შევიდა და არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ სიების გადამოწმებისათვის ერთთვიანი ვადა იქნებოდა არასაკმარისი და მოითხოვს, რომ პარლამენტმა აღნიშნული ხარვეზი გამოასწოროს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, 15 მარტამდე პოლიტიკური პარტიები სიების გადამოწმებას ვერ შეძლებენ და საჭიროა, რომ ამ ვადას მინიმუმ ორი კვირა ან ერთი თვე დაემატოს.
"გთავაზობთ კომიტეტის ფორმატში ამ პრობლემაზე ვიმსჯელოთ. ეს არ არის ნაჩქარევად გადასაწყვეტი, თუმცა მიმაჩნია, რომ ორ დღეში გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული", - აცხადებს ბაღათურია.
აღსანიშნავია რომ ბაღათურიას შეთავაზება კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით მისაღებად მიიჩნია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ, რომელიც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარეობდა და აღნიშნა, რომ იგი ვადების გაზრდას არც ეთანხმება და არც უარყოფს, თუმცა თანახმაა, რომ საკითხზე მსჯელობა კომიტეტის ფორმატში გაიმართოს და გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული.