საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე რუსთავი 2-ის გენერალყრი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაკავების საჭიროება არ იყო
"ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია. მიმაჩნია, რომ მისი დაკავების საჭიროება არ იყო, ვინაიდან ეს ადამიანი არავის გაურბოდა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად იყო. მისი ბრალეულობა რომ დავიჯერო ძალიან სერიოზული არგუმენტები მჭირდება. მგონი მაქვს უფლება მოვითხოვო უფრო მეტი სიცხადე. რამდენადაც ნიკას ვიცნობთ მისი პროფესიონალიზმი საეჭვო არავისთვის არ უნდა იყოს. ნიკას თავდებად დავუდგები ყველაფერში. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაზე ცუდი ნიკოლოზობაა ჩემს ცხოვრებაში", - წერს უმრავლესობის წევრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა.
დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.