"დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის დაკავება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა "რუსთავი-2"-თან საუბარში, ნიკა გვარამიას დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მუშაობა აუკრძალოს.
"დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის დაკავება ვითომდა წარსულში მომხდარი მოვლენების გამო არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ვერავის დაუმტკიცებენ, რომ გვარამია რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა ან მიიმალებოდა, ან გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა. მისი, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის, დაჭერა აბსოლუტურად უპრეცედენტო რამაა. ეს აბსოლუტურად ღიად გაფორმებაა ყველაფერი იმის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება. ივანიშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ქვეყანაში ჩამოაყალიბოს სრულყოფილი დიქტატურა, ამ მიზნით დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს აუკრძალოს მუშაობა და მოახდინოს მათი პარალიზება იმისთვის, რომ ადამიანებმა ვერ გაიგონ ყველაფერი დანარჩენი - ესაა ზეწოლა სასამართლოზე, ადგილობრივ თვითმმართველობებზე, ეს არის ხელისუფლების სრული უზურპაცია მას შემდეგ, რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნებში კონკრეტული ძალის გამარჯვება", - განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ყოფილი განათლების, იუსტიციის მინისტრი და ამჟამად "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს.