დღეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ცოტნე გამსახურდია მოინახულეს, რომელიც მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ცოტნე გამსახურდია უკვე რამდენიმე კვირაა შიმშილობს სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს მოთხოვნით. მისი თქმით, მან უარი თქვა ყოველგვარ სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე, ასევე წერილობით მიმართა დაწესებულების ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ არ სურს არავისთან შეხვედრა, გარდა მოძღვრისა და ადვოკატისა. მისივე თქმით, ის არ იღებს არანაირ საკვებს, სვამს მხოლოდ წყალს და შაქრიან ჩაის.
ცოტნე გამსახურდიამ ასავე განაცხადა, რომ არ აქვს პრეტენზიები დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ და მათი მხრიდან უყურადღებობას არ უჩივის.
სახალხო დამცველის აპარატის სამედიცინო ექსპერტის აზრით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკული არაა, თუმცა, ხანგრძლივი შიმშილობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მისი მდგომარეობის დამძიმება უახლოეს მომავალში.