"ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება ჩემს თვალში პოლიტიკურ დევნილად წინა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქართველოში სიმართლის დასამტკიცებლად ჩამოვიდა.
"ოქრუაშვილი იყო და რჩება ჩემს თვალში პოლიტიკურ დევნილად წინა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან წინა ხელისუფლებამ ძალით ჩასვა თვითმფრინავში და გააგდო პრაქტიკულად ქვეყნიდან. ეს შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ დევნად. მისმა ყოფნამ შეაწუხა წინა ხელისუფლება და მოიშორეს თავიდან", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ პატიმრებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ.
"რაც შეეხება ამჟამინდელ პატიმრობას, იმის დასადეგნად, არის თუ არა დღეს ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი, საჭიროა, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის დაუსწრებლად წარიმართა, მიყვანილი იყოს ბოლომდე და გაირკვეს სიმართლე", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე, კერძოდ, ბანდფორმირების შექმნისა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირი უკვე კვირაზე მეტია შიმშილობს და, კორძაძის თქმით, მათ სოლიდარობის ნიშნად, ოქრუაშვილიც შეუერთდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანაგუნდელებისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი ოქრუაშვილს სურდა სპეციალური სტატუსის მინიჭება, იგი უნდა დალოდებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას. ბესელია თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის ადვოკატს თავიანთ პოზიციაში ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.