დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ტელეკომპანიებს საყვედურობს, თუმცა ოპოზიციური აზრის საზოგადოებამდე მიტანაში დახმარებას მაინც მედიას სთხოვს.
დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა საყვედური გამოთქვა იმ ტელეკომპანიების მისამართით, რომლებიც, მისი თქმით, ხელისუფლებისგან კონტროლდებიან და არცერთ მათგანში არ ხდება ოპოზიციური აზრის გაშუქება.
"ჩემს მიერ ჩატარებული 80 ბრიფინგიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის, "რუსთავი 2"-ის და "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არცერთი არ მოხვედრილა. ცხადია, მე სარედაქციო პოლიტიკაში ვერ ჩავერევი და ვერავის ვეტყვი რა გააშუქონ და რა არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 80 ბრიფინგიდან არცერთი არ გაშუქებულა, უკვე მიანიშნებს ოპოზიციური აზრის დისკრიმინაციაზე", - აცხადებს ცაგარეიშვილი და იგი ჟურნალისტებს მოუწოდებს, "დაეხმარონ ოპოზიციური აზრის საზოგადოებამდე მიტანაში".
ამასთან, იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძის დევნის ფაქტი არცერთ აღნიშნულ ტელეარხზე არ გაშუქებულა და ამის გამო მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.
"თუ ასე გაგრძელდა, დევნილი ჟურნალისტების რიცხვი სულ უფრო გაიზრდება და არც ის არის გამორიცხული, ამ რიგებში ის ჟურნალისტებიც აღმოჩნდენ, ვინც, ნებით თუ უნებურად, ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.