,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი თამაშობს ისეთი წესებით, რომ დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და გააძლიეროს აბაშიძის ფორმატი, სადაც თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილმა მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში და ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული დიალოგის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
"რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებულ დიალოგში პრობლემა არის ის, რომ არ დავრჩეთ მხოლოდ ამ ფორმატის ამარა, სადაც რუსეთს დაველაპარაკებით მარტო. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ჟენევის ფორმატი. როგორც კი კარასინისა და აბაშიძის შეხვედრა ჟენევის ფორმატის დასუსტების ხარჯზე მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული შემთხვევა იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი ფორმატი სადაც შესაძლებლობა გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში მარტო არ ვიყოთ. Kკარასინისა და აბაშიძის შეხვედრის შემდეგ თვალშისაცემი იყო ის, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ცუდად, ხოლო კარასინსა და აბაშიძის შეხვედრა კარგად დამთავრდა. Aარადა, ორივე შემთხვევაში რუსეთი ერთი და იგივეა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი თამაშობს ისეთი წესებით, რომ დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და გააძლიეროს აბაშიძის ფორმატი, სადაც თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს", _ განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვის პროცესში მესამე მხარის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"მთელი არსი ამ ფორმატის ის არის, რომ ქართული მხარე რუსეთთან პირდაპირ ვიწყებთ დიალოგს. Aამიტომ ამ ფორმატში მესამე მხარის საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მარტო არ ვართ", _ განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში გაიმართა. მხარეებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და მომდევნო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.