,,ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ ცდება. რუსეთთან, როგორც პარტნიორთან დამატებითი გარანტიებია საჭირო, ამიტომ ეს ფაქტორი მოლაპარაკების პროცესი გათვალისწინებული უნდა იყოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ გარანტიები სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა შეიქმნას.
მენაღარიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჯერჯერობით არანაირი გარანტიები არ არსებობს, კონტაქტი ქვეყნებს შორის მაინც უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განაცხადებით, მოლაპარაკებები სრული ტრიუმფით რომ დამთავრდეს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთი ისევე არ მოიქცევა, როგორც მოექცა აშშ-ს "მაგნიტსკის სიის" მიღების შემდეგ.
"მოლაპარაკებები სრული ტრიუმფით რომ დამთავრდეს და ჩვენ ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ღვინო, "ბორჯომი" და ა.შ. რომ დაბრუდეს რუსულ ბაზარზე, რა გარანტიები არის იმისი, რომ არ მოიქცევა რუსეთის ფედერაცია და ამხანაგი ონიშენკო ზუსტად ისე, როგორც გუშინ მოიქცნენ შეერთებული შტატების ღორის ხორცის მიმართებით. როდესაც ნახევარმილიარდიანი ექსპორტი გამოაცხადეს უკანონოდ. იმიტომ, რომ მასში "მაგნიტსკის სიის" მიღების შემდეგ იპოვეს აკრძალული ქიმიკატი. არაფერს ვამბობ. უბრალოდ თეორიულ შესაძლებლობაზე ვამახვილებ ყურადღებას - უზარმაზარი რისკის შემცველი არის განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენთან დიალოგის მცდელობა, რასაც მე მივესალმები, გამოიყენონ დეოკუპაციის წინააღმდეგ და ამის მცდელობა იქნება", - განაცხადა ვაშაძემ.