რესპუბლიკური პარტია მცხეთაში პლაჟების მოწყობის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას "კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიისადმი ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცინიკური გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითად" აფასებს.
"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა უძველეს ქალაქ მცხეთაში, მდინარეების -მტკვრისა და არაგვის - შესართავში გასართობი ცენტრის (აუზი, პლაჟი...) მოწყობის შესახებ ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიისადმი ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცინიკური გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ მტკვრისა და არაგვის შესართავია ის ადგილი, სადაც ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის წმიდა ნინოს მიერ მოხდა ქართველთა მასიური ნათლობა IV საუკუნის 20-იან წლებში. ამდენად, ამ ადგილს საქართველოს ისტორიაში ენიჭება სრულიად უნიკალური მნიშვნელობა და ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ საქართველოში არსებობს გამორჩეული ღირებულებების მქონე სიწმინდეები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გადაქცევა გართობის ობიექტებად", - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია იუნესკოს გადაწყვეტილების შესახებ, როდესაც 2009 წლის ივნისში მცხეთის ისტორიული ძეგლები შეტანილი იქნა ამ ორგანიზაციის საგანგებო ნუსხაში "კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია".
"ეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, სწორად განკარგოს ჯვრის ტაძრის სიახლოვეს არსებული მიწის ნაკვეთები და მათი გამოყენება მოხდეს ისე, რომ მსოფლიო არქიტეტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლს ზიანი არ მიადგეს. პრობლემის მოგვარების საპირისპიროდ კი პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა აკნინებს მცხეთის, როგორც საქართველოს სულიერი დედაქალაქის ზოგადნაციონალურ მნიშვნელობას. საქართველოს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების გაუაზრებელი და გაუთვითცნობიერებელი პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ქვეყნის სიწმინდეების მიმართ და მოუწოდებს საზოგადოებას, წინ აღუდგეს ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფის მსგავს გამოვლინებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.