გაუგებარია, რატომ უნდა გაუჩნდეს რიყის პროექტთან დაკავშირებით ჩემი მისამართით პროკურატურას კითხვები, _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ახვლედიანის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც რიყის განვითარების პროექტის საბოლოო ვარიანტი ნახა მის განხორციელებაზე უარი განაცხადა.
,,პარლამენტში როდესაც უმცირესობის წევრებს ვხვდებოდი იქ ვთქვი, რომ მუსკომედიის თეატრის გაკეთება მინდოდა და ეს ახვლედიანის აღმოჩენილი არა არის. თავდაპირველად როცა თეატრის პროექტი მაჩვენეს, ნახატის დონეზე იყო შესრულებული. ნახატზე იყო ორი გრაფინი იყო, რომელზეც ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და გრაფინები ჩვენი სიმბოლოა. ის, რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა და ვთქვი, რომ ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს, მაგრამ როცა პროექტი არქიტექტორს ზომებში მოვაყვანინე და რეალური ნახატი ავაგეთ, მივიღეთ საშინელება. მაშინ კატეგორიულად უარი ვთქვი ამ პროექტის განხორციელებაზე", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანის განცხადებით რიყის პროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო და რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩასატარებლად ივანიშვილიც უნდა დაიკითხოს.