შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან კახა ჯაჭვლიანი, რეზო გოგმაჩაძე, არჩილ გოგმაჩაძე, ქარელის რაიონში მცხოვრები ნამაზ ეიდაროვი და ბანგლადეშის მოქალაქე ზამან ემი.
"აღნიშნულმა პირებმა საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადასაყვანად და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბანგლადეშის მოქალაქე, ზამან ემი შეარჩევდა მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანზიტო გზით ჩამოიყვანდა საქართველოში, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: რევაზ გოგმაჩაძე, კახა ჯაჭვლიანი და არჩილ გოგმაჩაძეები განათავსებდნენ წინასწარ შერჩეულ სახლებში, რის შემდგომაც ისინი მოახდენდნენ ბანგლადეშის მოქალაქეების სატვირთო კონტეინერის მქონე ავტომანქანით, თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბანგლადეშის მოქალაქემ ზამან ემმა შეარჩია ბანგლადეშის 15 მოქალაქე -მამაკაცები, რომლებსაც სურდათ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრება. შეთანხმების თანახმად, თითეულ მათგანს უნდა გადაეხადა 12 000 აშშ დოლარი, პირველი ეტაპისათვის მათ გამოართვეს ხუთ-ხუთი ათასი აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ქართველებთან ერთად დაკავებულია ბანგლადეშის ის 15 მოქალაქეც, რომლებსაც თურქეთში არალეგალურად გადასვლა სურდათ.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.