13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ნოდარ ანდღულაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, ელდარ გეწაძე, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, თეა დემურიშვილი, რამაზ ჩიკვილაძე, მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი და სხვები. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი - დავით მუქერია. ღონისძიების ორგანიზატორია ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "თანადგომა".
ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ანდღულაძე დაიბადა 1927 წლის 13 დეკემბერს. იგი ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში მეცნიერული გამოკვლევების ავტორია. ანდღულაძე არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალისა (მოსკოვი, 1958) და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის (1977) ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.