საქართველოს არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოს იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და სუვერენიტეტი იყოს შენარჩუნებული.
"ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური მეთოდებით, ამიტომ ეს ჩვენი წინაპირობა არ არის. ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი მთავარი ამოცანა. ქვეყნის დეოკუპაცია არის საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტი, რომელიც არასდროს შეიცვლება. მიუხედავად ამისა დიალოგი მაინც შესაძლებელია. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეთი დიალოგი შედგება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.