დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
ადგილობრივების ცნობით, სოფელში მგლები ისევ დათარეშობენ და საქონელს ანადგურებენ.
სამთაწყაროს მკვიდრის ზურაბ მალაყმაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მგლები მის კუთვნილ ფერმაში შევარდნენ და ცხენი დაგლიჯეს. „საღამოს საათებში ქუჩაში ვეღარ გავდივართ, რადგან სოფელში მგლები და ტურები დადიან", - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტის სოსო ქარცივაძის განცხადებით, თუ მგელი ნათესებსა და შინაურ ცხოველებს ანადგურებს, მის მოსაკლავად ნებართვა საჭირო არ არის. „მგელი თუ შემაწუხებელი გახდა, მაშინ მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. შედგება ექსპერტთა ჯგუფი და თუ ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიაზე მგელი მართლაც არის, სამინისტრო გასცემს ნებართვას განსაზღვრული რაოდენობის განადგურებაზე", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მგლებმა სამი ადამიანი დაგლიჯეს, ათობით ადგილობრივი კი დადორბლეს. მტაცებლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ქალი შეჭამეს. 4 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ნადირისგან შეჭმული იპოვეს 26 წლის გია კაკაშვილის ცხედარი.
.