არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე დღეს თბილისის №55 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
არასრულწლოვანი მოსწავლეებისთვის თემაზე - "მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები" ლექცია ჩატარდა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ უფროსკლასელებთან დეტალურად ისაუბრა დანაშაულის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მართლმსაჯულების სისტემის, ეჭვმიტანილისა და მოწმის უფლებების, ასევე უდანაშაულობის პრეზუმპციის თემებზე.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები დაურიგდათ. ღონისძიება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ჩატარდა.