საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მაქსიმ ღვინჯიამ იტალიაში ვიზიტის ფარგლებში მხოლოდ იტალიური რადიო "Radio Radicale"-ს მიერ ორგანიზებულ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ მოწოდებულ მასალებს ეყრდნობა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯიამ, რომელიც იტალიის რესპუბლიკას სტუმრობდა, მონაწილეობა მიიღო იტალიური რადიო " Radio Radicale "-ს მიერ ორგანიზებულ გადაცემაში, რომელიც არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაციას (UNPO - Unrepresented Nations and Peoples Organization) მიეძღვნა. ღვინჯია ღონისძიებას აღნიშნული ორგანიზაციის აფხაზეთის მიმართულების წარმომადგენლის რანგში დაესწრო. მასთან ერთად რადიოგადაცემაში მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული მსოფლიოში არსებული სხვა მსგავსი წარმონაქმნების წარმომადგენლებმაც მიიღეს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "ეს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ საკუთარი სტატუსის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას".
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ღვინჯია იტალიელმა სენატორებმა მიიწვიეს.