რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა რობერტ სტურუამ facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
„ო, ლობისტებო, ლობისტებო! შემოგაკლდათ ქართველი ხალხის ფული, რომელსაც ჩვენი ლამაზი მთავრობა გიხდიდათ? ო,ლობიზმი,- ვთქვათ პირდაპირ,- ო, ქრთამო, მექრთამრეებო! დააკანონეთ ძარცვა პატარა ქვეყნების! ო, თვალთმაქცო ევროპა ადამიანების უფლებებს ისტერიკულად რომ გვიქადაგებთ, ვეღარ გაწვდიან ქართველი ჩასუქებული ტირანჩიკები ჯამაგირს? ზამთრის კურორტებზე სეირნობა ვეღარ გამოგდით, ბავშვები ვერ დაისვენებენ შობის არდადაგებზე კორტინა დ'ამპეცოებში და ალპებში? იჭერენ თქვენ მათხოვარ ფავორიტებს? ო, ამერიკის ბობოლა ჩინოვნიკებო, დედამიწას თქვენ საკუთრებად რომ თვლით და საქართველოს ბედი კი ფეხებზე გკიდიათ? ცოტა ჭამეთ, არა? გაბრაზდით, არა? მაიამიში სახლებს ვეღარ ყიდულობთ? თუ სამართალი სამუდამოდ არ დაასამარეს ცივილიზაციის ერთგულმა შვილებმა,(მე კი მჯერა,რომ ჯერ ცოცხალია), თქვენც მოგივლის კანონი, ღვთის კანონი მაინც. გახრწნილო ლობისტებო, ამერიკის, ევროპის და საქართველოსი",-წერს სტურუა.
რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 30 ნოემბერს დაინიშნა. გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მიიღო და სტურუას დანიშვნის შესახებ ოფიციალურად განუცხადეს თეატრის თანამშრომლებს. რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წელს მისი კრიტიკული განცხადებების გამო უშუალოდ მაშინდელი კულტურის მინისტრმა გაათავისუფლა. მას შემდეგ სტურუა რუსეთში მოღვაწეობდა.