სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე. წ. მრჩეველი ვიაჩესლავ ჩიკირბა, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლოს ჩატარებულ რაუნდზე სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, კვლავ ჟენევის მოლაპარაკებებზე საუბრობდა. ჩიკირბას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გარკვეული დროის შემდეგ მიხვდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას არ აფორმებს, "ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი შესაძლოა დასრულდეს".
"ქართველებს ორი რამ აღლვებდათ: ე. წ. დეოკუპაცია და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარის გასვლა და იქ საერთაშორისო დამკვრვებელთა ჩაყენება. ყოველივე ამან აფხაზური, რუსული და ოსური მხარეების მწვავე პროტესტი გამოიწვია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასეთი მოულოდნელი 180-გრადუსიანი შემოტრიალებები ჩვენთვის მიუღებელია და საკითხის ასე დაყენება ჟენევის მოლაპარაკებებს აყენებს საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ მერე საერთოდ ქრება მოლაპარაკების საგანი", _ აცხადებს ჩიკირბა და დასძენს, რომ "ბოლოს ქართველებმა და ამერიკელებმა გადაწყვიტეს სიტუაციის განმუხტვა და განგვიცხადეს, რომ ისინი მაინც დაინტერესებულნი არიან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების განხილვაში, მაგრამ ამისათვის რაღაც წინასწარი პირობებია საჭირო. ამით დავცილდით კიდეც ერთმანეთს", _ აცხადებს ჩიკირბა.
მისი განცხადებით, თუ გაირკვევა, რომ საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ვერ მოხერხდა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი შესაძლოა დასრულდეს.
"ხოლო თუ საქართველო გამოიჩენს საღ აზრს და გადაწყვეტს, რომ ხელშეკრულება მაინც მნიშვნელოვანია, მზად ვართ რთული დისკუსიების გასაგრძელებლად. ჩვენ არ გვჭირდება მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ გვინდა შედეგი. მართალია, მზად ვართ, გარკვეული დროის განმავლობაში ველოდოთ, მაგრამ არ ვართ მზად, პოლიტიკური პროცესის იმიტაცია მოვახდინოთ", _ განაცხადა ჩიკირბამ.