,,გეწაძის საქმე, რომელიც გუშინ დაიძრა, 2011 წლის მაისში იყო აღძრული, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების მიერ გახლდათ დაკონსერვებული", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილი დეპუტატისა და ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის დაკავების კომენტირებისას და გეწაძისა და ლევან გაჩეჩილაძის შვილის საქმეების ერთმანეთთან შედარებასაც გამოეხმაურა.
"პატარა "გრეჩიხა" არც გამგებელია და არც ყოფილი დეპუტატი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ გამგებლებს და ყოფილ დეპუტატებს - გაიაზრონ რა თანამდებობები უკავიათ. ნუ შეუდგებიან წუწუნს და ნუ ადარებენ თავს იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც, შესაძლოა, მათი მსგავსი ქმედება ჩაუდენიათ. გამგებლობა და მაჟორიტარი დეპუტატობა უაღრესად საპასუხისმგებლო ფუნქციაა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის უფრო მაღალი ხარისხის, როცა სისხლის სამართალს ეხება საქმე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავება ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს. იგი წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ გეწაძე ხმაურიან სხდომაზე რაიონის გამგებლად აირჩია.გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალი სხვადასხვა მუხლით წაეყენება. ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გეწაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, არის საქართველოს სს კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მეორე მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაეყენება, არის სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით. ეს კონკრეტული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეწაძის ბრალდებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი - ეს არის 184 -ე მუხლის პირველი ნაწილი.პროკურატურაში დაბარებული კახა გეწაძე პირველ ეტაპზე მოწმის სახით იკითხებოდა, მოგვიანებით კი დააკავეს. გეწაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.