,,გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული" - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სიმართლე ცნობილი გახდება.
"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა უცხოურ მედიაში ამგვარი სტატიების გამოქვეყნება სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას ვერ შეაფერხებს.
შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა", სადაც აღნიშნულია, რომ "ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ".