"პოლიტიკური ოპონენტების დევნას" უწოდებს ზესტაფონის გამგებლის დაკავებას პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ვახტანგ ბალავაძე.
"წაყენებული აქვს სამი მუხლი. ეს, როგორც თვითონ აგვიხსნეს, არის ერთი ერთი წლის თუ წელიწად-ნახევრის წინ რაღაც ჩხუბის, ინციდენტის გამო. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა გრძელდება. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მაგალითზე და დღეს უკვე ზესტაფონის გამგებელი, რომელიც დაკავებული იქნა და ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის აღმსრულებელი არის პროკურატურა, რომელიც ახორციელებს დევნას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ", _ აცხადებს ბალავაძე.
შეგახსნებთ, რომ ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს. გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ ის ხმაურიან სხდომაზე რაიონის გამგებლად აირჩია. გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. გეწაძეს ბრალი სამი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი მუხლი არის საქართველოს სს კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მეორე მუხლი - სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით . ეს კონკრეტული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; მესამე არის 184 -ე მუხლის პირველი ნაწილი.