საქართველოში ევროვიზიისათვის შესარჩევი სიმღერის კონკურსის მომდევნო ეტაპი დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 5-ის ნაცვლად 6 შეარჩია.
ნაციონალური ფინალისთვის შერჩეული ექვსი სიმღერიდან სამი ქართველი ავტორისაა.
ამერიკაში მოღვაწე თინა ჯაფარიძემ თანაავტორებთან ბენ რობინსსა და ბილი ლაივსისთან ერთად სიმღერა"NEVER GIVE IN" ("არასოდეს დანებდე") წარმოადგინა.
თინა ჯაფარიძის მიერ დაწერილმა სიმღერამ შარშან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისლანდიას მეორე ადგილი მოუტანა.
შიდაშესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა გერმანიაში მცხოვრებმა ბრენდონ სტოუნმა, იმავე ბესიკ შპეტიშვილმა, სიმღერით - "Call me" ("დამირეკე").
ექვსეულში მოხვდა მიხეილ მდინარაძე, სიმღერით "Our word" ("ჩვენი სიტყვა")
ცნობილმა კომპოზიტორმა სვიკა პიკმა სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაწერა. სვიკა ისრაელში პოპულარული მომღერალი და კომპოზიტორია. მის მიერ შექმნილმა სიმღერამ "Diva" ისრაელს 1998 წელს ევროფესტივალზე გამარჯვება მოუტანა. მისივე სიმღერა ააჟღერა 2003 წლის ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენელმა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმღერა გამოგზავნეს პორტუგალიელმა კომპოზიტორმა კარლოს კოელომ და ანდრეი ბაბიკმა, სახელწოდებით "FOR ETERNITY" ("მარადისობისთვის"). სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაიწერა.
ორივე მათგანს ევროვიზიაზე დიდი გამოცდილება აქვს. ანდრეი ბაბიკმა ევროვიზიის კონკურსზე მონაწილე 4 სხვადასხვა ქვეყნისთვის (2008 წ. - პორტუგალია, 2003 წ. -ხორვატია, 2005 წ. - ბოსნია, 2007 წ. და 2009 წ. -სლოვენია) 5 სიმღერა შექმნა, ხოლო კარლოს კოელომ 2008 წელს ევროვიზიაზე პორტუგალიის წარმომადგენლისთვის დაწერა სიმღერა.
მეექვსე სიმღერაა ნორვეგიელი ჰენ სორვააგის, შვედი ჰარი სომერდალის და კრისტიან ლეუზის - "Shine" ("ნათება").
ექვსი სიმღერიდან საუკეთესოს ქართველი მაყურებელი და კომპეტენტური ჟიური 27 თებერვალს გამართულ კონცერტზე ერთობლივად გამოავლენენ.
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის ფესტივალი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩატარდება.
გამარჯვებულ სიმღერას სოფო ნიჟარაძე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, ტელენორის არენაზე 27 მაისს იმღერებს.