,,2009 წლის მუხროვანის ე.წ. ამბოხი წინა ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული ", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ,,პარაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას. როგორც ჟურნალისტებთან სესიაშვილმა განაცხადა აუცილებელია აღნიშნული საქმის ხელახლა გამოძიება.
"2009 წლის მუხროვანის ე.წ. ამბოხის შემდეგ მე როგორც მაშინდელმა სამხედრო ექსპერტმა დავდე ჩემი დასკვნა და დღეს იგივეს გავიმეორებ. ეს იყო ინსპირირებული, დაგეგმილი და მართული მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. ამ საქმის გამოძიება აუცილებლად თავიდან უნდა მოხდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბევრი ადამიანი მუხროვანის ე.წ. ამბოხთან დაკავშირებით ციხეში უკანონოდ ზის.
შეგახსენებთ, რომ მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი. 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა.