დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე დათესილ ხორბლის ყანებს პურის ბზუალა ანადგურებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერებმა განუცხადეს, მწერის გასანადგურებელი პრეპარატები ეფექტური არ არის და მავნებელმა უკვე ასობით ფერმერი დააზარალა.
„ხორბლის ყანა განმეორებით ოქტომბრის თვეში დავთესეთ. მე პირადად 60 ჰექტარზე მაქვს დათესილი, თუმცა მოსავალს ვეღარ ავიღებ, რადგან ბზუალამ ყანა სულ გადაძოვა. ის ძირითადად მიწაში ბინადრობს. ბზუალა მასობრივად არის გამრავლებული და მის გავრცელებას თბილმა ამინდებმა შეუწყო ხელი. რაღაც პრეპარატები კი არსებობს გასანადგურებლად, მაგრამ არცერთი არ არის ეფექტური, ძვირიც ღირს და მათი შეძენაც ტყუილი ხარჯია. ამ ყანებს აღარაფერი ეშველება და ფაქტიურად ყველა ხარჯი ტყუილად გავიღე. 1 ჰექტარეზე ჯერ მარტო 500 ლარის სასუქი შევიტანე, სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვა. მიწა უნდა გადაიხნას და ყანა ახლიდან დაითესოს, თუმცა მე მის დათესვას აღარ ვაპირებ, რადგან ძალიან დავზარალდი. გაზაფხულზე ქერს ან მზესუმზირას დავთესავ", - აღნიშნა დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ფერმერმა ლევან გონაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის ვერიკო გულუას განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის პურის ბზუალას საწინააღმდეგო პრეპარატების უფასოდ გადაცემა ან ტერიტორიების შეწამვლა არ იგეგმება.
„სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. პურის ბზუალა არ განეკუთვნება ასეთი ტიპის მავნებელს, ის ჩვეულებრივი მავნებელია და ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან პრეპარატების ფერმერებისთვის გადაცემა არ იგეგმება. არ მოხდება ასევე სახელმწიფოს ძალებით ტერიტორიების შეწამვლა, თუმცა ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ჩავლენ და ბზუალას გავრცელების არეალს შეისწავლიან. ისინი ფერმერებს ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციებს, თუ როგორ და რა პრეპარატებით უნდა ებრძოლონ. ფერმერთა მომსახურების ცენტრში პურის ბზუალას საწინააღმდეგო პრეპარატი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია და მათ ყანების შეწამვლა საკუთარი ძალებით უნდა მოახერხონ", - აღნიშნა ვერიკო გულუამ.