ოპოზიციის დევნა და შანტაჟი ავნებს არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ ავნებს საქართველოს იმიჯსა და დემოკრატიას", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას არ აპირებს.
"სამწუხაროდ, ყველამ შევიტყვეთ, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი ნაწილის შესრულებას, თუმცა "ქართული ოცნება" აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება, ეს არის ანგარიშსწორება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
"ნაციონალური მოძრაობა" თავად გადაწყვეტს, რა რიტორიკა ჰქონდეს და რა გააკეთოს. ის დარჩება ამ ხელისუფლების კრიტიკოსad, ყოველწუთიერად შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მას აქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ნებისმიერი დაპირების არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური დევნის, კანონის დარღვევის შემთხვევაში გააკრიტიკებს ხელისუფლებას და რიტორიკას არ შეცვლის", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი განცხადებით, ივანიშვილს თუ ოპოზიციის შესუსტება სურს, მან წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს.
"ვურჩევ ბატონ ივანიშვილს, თვითონ შეცვალოს რიტორიკა, იყოს ხალხის მიერ არჩეული ხელმძღვანელი და საქართველოს იმიჯს ზიანი არ მიაყენოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის განცხადებით, პროკურატურა ყველა საქმის გამოძიებას დაიწყებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურასთან სარჩელების შესატანად რიგები დგას. მან პოლიტიკურ ოპონენტებს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდა.