ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი მიმდინარე თვეს, თებერვარში ჩავა. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი საერთაშორისო წითელი კვრის წარმომადგენელთან შეხვედრისას გააკეთა.
"თებერვალში დაგეგმილია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში", _ განაცხადა ჩოჩიევმა. მისივე თქმით, ევროპელი უფლებების დამცველის ვიზიტის მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებია.
ამას გარდა ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გაუჩინარებული მოქალაქეების საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას გეგმავს.
"იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე არ გამოიჩენს კეთილ ნებას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მოქალაქეებს ან არ მიაწოდებს ინფორმაციას მათ შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე "უგზო-უკვლოდ დაკარგულებს" უწოდებს, მაშინ თომას ჰამარბერგი გვპირდება, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საერთაშორისო დამლოუკიდებელ იურისტებს დაპატიჟებს, რომლებიც ამ საკითხების გარკვევით დაკავდებიან", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.