სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ 2009 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მათი ინფორმაციით სულ 2009 წლის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ 304 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთა მიხედვით განსჯილია 333 ადამიანი. მათგან თავისუფლების აღკვეთა 135 ადამიანს აქვს შეფარდებული. განცხადება ამის შესახებ შემაჯამებელ თათბირზე აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორმა საფარბეი მიკანბამ გააკეთა.
მისი თქმით, 2009 წელს სჭარბობდა ქურდობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევები. სასამართლოების მიერ განხილული 22 საქმე კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხებოდა. ესენია: 14 საქმე _ განზრახ მკვლელობის მუხლით და 8 საქმე მოქალაქეებზე ყაჩაღური თავდასხმის მუხლით.
ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით 37 ადამიანი გასამართლდა, 12 მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სულ სასამართლოში შეტანილია 92 საკასაციო და საზედამხედველო საჩივარი. მათგან, აფხაზური მხარის ინფორმაციით, სრულად დაკმაყოფილდა 19, ნაწილობრივ შეიცვალა 2 და არ დაკმაყოფილდა 71.