9 თებერვალს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა უნდა გაგრძელდეს.
"ევროკავშირი მიესალმება 28 იანვარს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებებს, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები და გააცნეს ნაბიჯები ძალის გამოუყენებელობასთან, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რიგ ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაციის მორიგ მოხსნებაში, რომელიც ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.
მასში აღნიშნულია, რომ "მიუხედავად არსებული სიძნელეებისა და ჟენევის მონაწილეთა პოზიციების სხვადასხვაობისა, ევროკავშირი ჟენევის ფორმატს განიხილავს, როგორც მეტად აუცილებელს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც კონფლიქტის ყველა მხარე და სამი საერთაშორისო არბიტრი:Lევროკავშირი, ეუთო და გაეროა წარმოდგენილი".
"მოუთმენლად ველოდებით ჟენევის კონსულტაციების მორიგ რაუნდს, რომელიც 30 მარტს გაიმართება და მივმართავთ ყველა მონაწილეს თხოვნით, კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღონ ამ შეხვედრაში", - აღნიშნულია მოხსენებაში.
რაც შეეხება გალის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა იმატა ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს სამოქალაქო პირების დაკავებამ.
"ეს ჩვენი შეშფოთების მიზეზი რჩება და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არსებობის აუცილებლობას", - ნათქვამია ევროკავშირის მოხსნებაში.
ამასთან, ორგანიზაცია სინანულით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფის მიერ რამდენიმე შეხვედრის გამართვის მიუხედავად, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ იქნა მიღწეული.