"ბაჩანა ახალაიას გადაყვანა #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რასმუსენის განცხადებაზე ცინიკური პასუხია", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატი ახალაიასთან ციხეში ულიმიტოდ შესვლას ითხოვს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ის არის "კანონიერ ქურდებთან", რომელთაც მთელი თავისი საქმიანობით ებრძოდა, რამდენიმე დეპუტატი მოვითხოვთ სოზარ სუბარისგან, რომ ამ დღეების განმავლობაში მოგვეცეს ულიმიტოდ შესვლის შესაძლებლობა, სანამ ახალაია ამ ციხეში იმყოფება. მათი ქმედება ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო პრინციპს. ჩვენ მივმართეთ და კიდევ მივმართავთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ეს არის ცინიკური პასუხი იმ განცხადებებზე, რომელიც გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ასევე, ის განცხადებები, რომელიც ევროკავშირში გაკეთდა, რომ ეს არის ადამიანების პოლიტიკური დევნა", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალაია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან #7 ციხეში გადაიყვანეს.