„ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ხალხზე ზრუნვის დოკუმენტი, ყველა ის პირობა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ მისცა ჩვენს მოსახლეობას აუცილებლად შესრულდება. გაიზრდება პენსია და სოციალური დახმარებები, ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" დაპირებების შესასრულებლად ბიუჯეტის კანონპროექტში ცალკე მუხლადაა ჩამოყალიბებული, რომ მობილიზებულია 740 მილიონი ლარი, რომელსაც პირობითად „ახალი ინიციატივების დაფინანსების ფონდი" ჰქვია. მთავრობა ასევე განაგრძობს მუშაობას, რათა აღნიშნულ ფონდში თანხები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ასევე, ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც მთავრობა სთავაზობს პარლამენტს დაუბეგრავი მინიმუმის მცნების შემოღებას, რომელიც გავლენას მოახდენს დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე.
ქვეყნის 2013 წლის ბიუჯეტი ასევე, ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სპეციალური ფონდის შექმნას, რომელიც ძირითადად, კერძო ინვესტორებისა და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხების საშუალებით შეივსება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იზრდება დაფინანსება სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც ძირითადად, ასაკით პენსიონერებისა და სხვა საპენსიო ჯგუფების საკითხების მოწესრიგებას მოხმარდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა მუშაობს ქვეყანაში რადიკალური საპენსიო რეფორმის შემოღებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ხარჯების ზრდის პარალელურად, მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები.
ახალი მთავრობის პირობებში, 2013 წლის ბიუჯეტში, პირველად დეტალურად იქნება გაშლილი ე.წ. „სხვა ხარჯების მუხლი", და კონკრეტულად იქნება ჩამოთვლილი ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალ წელს ამ მუხლიდან დაფინანსდება.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში თვის ბოლოს კვლავ განახლდება. ქვეყნის ძირითადი საფინანსო დოკუმენტი სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება.