სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ვიზიტით იტალიაში იმყოფება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ღვინჯია იტალიაში იტალიელმა სენატორებმა დაპატიჟეს.
თავად ღვინჯია აცხადებს, რომ იტალიაში მისი შეხვედრები "ურთიერთაგების ატმოსფეროში" მიმდინარეობს.
"იტალიაში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს იმას, თუ რა ხდება კავკასიაში. იტალიელების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ქმედებებმა 2008 წლის აგვისტოში", _ აცხადებს ღვინჯია.
"აფხაზეთს, ისევე როგორც კოსოვოს, აქვს დამოუკიდებლობის უფლება და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულვებელყოს აფხაზი ხალხის უფლება დამოუკიდებლობისა", _ განაცხადა, აფხაზური მხარის ინფორმაციით ღვინჯიამ იტალიელ სენატორებთან შეხვედრაზე.
ღვინჯიამ, მათი ინფორმაცით, ხაზი გაუსვა კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აფხაზეთის გარესამყაროსთან ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების განვითარებას.
"აფხაზეთსა და იტალიას ისტორიული კულტურის საერთოობა აერთიანებს. დიდად ვაფასებთ იტალიის ხელისუფლების ქმედებებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის", _ განაცხადა ღვინჯიამ.