სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნეიტრალური პასპორტები მოქმედებაში რჩება. ამასთან, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რჩებათ საშუალება, ასევე აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
"მე ნამდვილად გულწრფელად არ მჯერა, რომ ისინი ამ პასპორტებს აიღებენ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს ნაბიჯი გადავდგათ",_ განაცხადა მინისტრმა კითხვაზე - გულწრფელად სჯერა თუ არა მას, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მართლაც გამოავლენენ სურვილს, აიღონ ქართული პასპორტი, ეს იმ პირობებში, რომ მათ არაფრის ქართულის გაგონებაც არ უნდათ.
"მე ნამდვილად გულწრფელად არ მჯერა, რომ ისინი ამ პასპორტებს აიღებენ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს ნაბიჯი გადავდგათ. ამის პირობები უნდა შევუქმნათ, უნდა ვნახოთ, რამდენად აიღებენ ან არ აიღებენ, რატომ არ აიღებენ? "არას" თქმასაც კი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება "არა" თქვა ისეთნაირად, რომ ადამიანს შეუქმნა განწყობა, რომ შეიძლება დაგიბრუნდეს თხოვნით და კითხვით, მაგრამ შეიძლება ისეთი კატეგორიული "არა" თქვა, რომ ყოველგვარი პერსპექტივა დაუკარგო ადამიანს, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ამა თუ იმ კითხვას. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მოვალეობაა მოვემსახუროთ ამ ხალხს. აიღებენ თუ არ აიღებენ - ეს სხვა საკითხია", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას იმისათვის, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივა შეამოწმოს.
"თუ აიღებენ, კარგია და უნდა ვნახოთ, რა ვითარებაში იღებენ, თუ არ იღებენ, ცუდია და უნდა ვნახოთ, რა ვითარებაში არ იღებენ, რათა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა, რათა შევამოწმოთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივა - მარცხნივ გადავდგათ ნუ მარჯვნივ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაირი გულწფელი იმედები არა მაქვს - მაქვს პრაგმატული გათვლები", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.