"პროკურატურას ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულება დასჭირდება იმისთვის, რომ ბრალი წაუყენოს", - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ახალიას ქვეყანაში დაბრუნება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული.
კახიშვილის განცხადებით, შსს ყოფილი მინისტრის საქართველოში დაბრუნება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ ქვეყანაში უსამართლობის სინდრომი აღარ არის და სამხილების გარეშე მისი დაკავება ვერ მოხერხდება. ხოლო ახალიას დაკავების შემთხვევაში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს და მას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის პროცესის დასაწყისად მონათლავს.
"შესაძლებელია, ის ფიქრობს, რომ მტკიცებულებები არ იქნება იმ რაოდენობით, რომ მის მიმართ მძიმე მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ახალაიას მხრიდან იყო გაფლანგვები, არამიზნობრივი ხარჯვა. ასე რომ, მტკიცებულება ბევრი აქვს პროკურატურას შესასწავლი. სხვა საკითხია, არსებული მასალიდან რა მტკიცებულებები იქნება საიმისოდ, რომ ახალია პასუხისგებაში იქნას მიცემული'', - განაცხადა კახიშვილმა.