კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში "რეგიონების პარტიის" საარჩევნო შტაბის მიერ შეტანილი განაცხადის თანახმად, 8 თებერვლიდან კიევში იანუკოვიჩის 50 ათასი მომხრე შეიკრიბება, რათა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები გამართონ.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ მაევსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის ჩატარების განაცხადში აღნიშნულია, რომ ის 8 თებერვალს, 09:00 საათზე დაიწყება და მასში 50 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
განაცხადი კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ 3 თებერვალს იქნა შეტანილი.
"არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს რეგიონებიდან ავტობუსებით დაიძრნენ მოქალაქეები, რომლებიც აქციაში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა მაევსკიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის კიევსა და მიმდებარე რაიონებში არსებულ დასასვენებელ სახლებში და სანატორიუმებში 3 ათასამდე ადამიანია განთავსებული, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე პერმანენტულ აქციებში იღებენ მონაწილეობას.
მაევსკის განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში მილიცია გამოიყენებს დამატებით სარეზერვო ძალებს.
დღეისთვის უკრაინაში საზოგადოებრივ წესრიგს მილიციის 70 ათასზე მეტი თანამშრომელი იცავს.