ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა თეირანში არსებული კვლევითი რეაქტორისათვის გამდიდრებული ურანის ბირთვილ საწვავზე გაცვლის შეთანხმება გაფორმდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მენუჩეხრ მოტტაკმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა "არც თუ ისე შორეულ მომავალში გაფორმდეს".
ჯერ კიდევ ოქტომბერში ირანმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და ექვსმა ქვეყანამ, რომელიც ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას აწარმოებს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) ამ სქემაზე მოილაპარაკეს.
დასავლელი მომლაპარაკებლების მხრიდან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია. თუმცა, ჩინეთმა, რომელიც თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია, განაცხადა, რომ მოლაპარაკები "გადამწყვეტ სტადიაში" შევიდა.
სხვათაშორის მენუჩეხრ მოტტაკმა ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მიუნხენის კონფერენციას შეერთებოდა. "იმ პირობების გათვალისწინებით, რომელ პირობებსაც ჩვენ მოლაპარაკებებზე მივაღწიეთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ მივუახლოვდით ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისათვის", _ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რამდენიმე ხნით ადრე ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაეთანხმა იდეას ბირთვული საწვავის სანაცვლოდ საზღვარგარეთ ურანი გაეგზავნა.
აშშ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვთ. ისინი მოითხოვენ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოყენებას იმ შემთხვევაში თუკი ირანი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ჩინეთი კი ამ მკაცრი სანქციების წინააღმდეგია.